დედაენის დღე

  საქართველოში დედაენის დღე 14 აპრილს 1990 წლიდან აღინიშნება. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. სტუდენტებმა, ქართული კულტურისა და ხელოვ ნების მოღვაწეებმა, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მასობ რივი საპროტესტო შეკრებები დაიწყეს, რომლის კუ ლმინაციაც 14 აპრილს, თბილისის უნივერსიტეტის ეზოდან რუსთავ ელის გამზირზე, ყოფილი უზენაესი საბჭოს (ამჟამად პარლამენტის) შენობამდე მოწყობილი მსვლელობა და მრავალათასიანი მიტინგი გახდა. ანალოგიური ვითარება იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში. დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი "დედაენის დღედ" გამოცხადდა.

ქართული ენის წარმოშობის თეორიები


ქართული ენის წარმოშობის პრობლემით დაინტერესებული იყვნენ ევროპელი მეცნიერები ჯერ კიდევ 17-18 საუკუნეში. კაცობრიობის ენების ფუძეენად აღიარებული იყო ძველებრაული, თუმცა აზიის ენებისადმი ინტერესი მაღალი იყო, რადგან მათში ხედავდნენ ენის განვითარების უფრო ძველ საფეხურებს. მალევე უარყვეს ძველებრაული ენისგან მსოფლიო ენების წარმომავლობის იდეა და ამოტივტივდა გეოგრაფიული პრინციპი ენათა კლასიფიკაციაში. მაგალითად ადელუნგმა ქართული ენა აზიის ენათა ჯგუფს მიაკუთვნა[1]. რამდენიმე ავტორი ძველი კოლხეთის ენას, როგორც უძველეს ქართულ ენას, გენეტიკურად უკავშირებდა ეგვიპტურ ენას. ეს თეორია დაფუძნებული იყო ანტიკურ ხანაში შემუშავებულ თვალსაზრისზე კოლხებისა და ეგვიპტელების ნათესაობის შესახებ. ჰეროდოტე, მაგალითად, ამბობდა, ორივე ხალხის ცხოვრების წესები და ენა ერთნაირიაო. ბერძენი ისტორიკოსის ეს შეხედულება უნდა გავიგოთ, როგორც შედეგი მისი საერთო - ეგვიპტოფილური კონცეფციისა. რაკი კოლხები ითვლებიან დღევანდელი ქართველების წინაპრად, ამიტომ ქართული ენა, როგორც გაგრძელება ძველი კოლხური ენისა, დაკავშირებული იყო ეგვიპტურთან. ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ბაიერი ძველ ქართულ შრიფტს ადარებდა ეგვიპტურ დამწერლობას და მათ შორის საერთო მოხაზულობასაც პოულობდა. თუმცა, გერმანელ ფილოსოფოს ლაიბნიცისთვის ეს მსგავსება ეჭვს იწვევდა.[1] ქართულ ენას უკავშირებდნენ მკვდარ ენებს (ხურიტული, ხეთური, შუმერული). იყო მცდელობა ქართული ენის ინდოევროპულ და ურალურ-ალთაურ (თურქულ) ენებთან დაკავშირებისა. მიმდევრები ჰყავს ბასკური და ქართული ენების მონათესავეობას. ივანე ჯავახიშვილმა და არნოლდ ჩიქობავამ საფუძველი ჩაუყარეს იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის თეორიას, რომლის მიხედვით ქართული ენა ამ ოჯახის ქართველურ (იბერიულ) ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ XXI საუკუნის ლიტერატურაში ქართულ ენას კავკასიურ ენათა ჯგუფთან აღარ აერთიანებენ. ბევრი მეცნიერისთვის ქართული განცალკევებით დგას. ქართულ ენათა ჯგუფში ქართულთან ერთად შეჰყავთ სვანური და ზანური (მეგრულ-ჭანური). სხვადასხვა შეხედულება არსებობს საერთოქართველური ენის შესახებ. ზოგიერთი მოსაზრებით ის უკვე ფუნქციონირებდა ძვ. წ. V-IV ათასწლეულებში, სხვები კი ასეთ დროდ ძვ. წ. II-I ათასწლეულებს ასახელებენ. საკამათოა ქართველური ენიდან ქართული, სვანური და ზანური ენების გამოყოფის საკითხი. ზოგიერთი შეხედულებით სვანურის გამოყოფა ძვ. წ. II ათასწლეულით თარიღდება, ზანურისა კი ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით. არსებობს მოსაზრება სვანური ენის ძვ. წ. X საუკუნეში გამოყოფის შესახებ, ხოლო ზანურის გამოყოფის პერიოდად ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნა მიაჩნიათ. უკანასკნელ დროს გამოითქვა მოსაზრება, რომ საერთოქართველური ენის დაშლა წელთაღრიცხვათა მიჯნაზე მოხდა.

ქართული ენის განვითარების საფეხურები


ქართული ენის განვითარებაში გამოიყოფა ძველი და ახალი ქართული. ძველი ქართული ენა არქაული ხანიდან მეთერთმეტე საუკუნის დამლევამდე არსებობს და ამ ხნის მანძილზე იგი არაერთფეროვანია, მასში განარჩევენ ხანმეტობასა და ჰაემეტობას. ისინი მთელი რიგი თავისებურებით ხასიათდება ლექსიკური, მორფოლოგიური, ფონეტიკური თვალსაზრისით; მიუხედავად ამისა, ძველი ქართული ენა მკვეთრად ჩამოყალიბებული ნორმების სისტემაა. ძველი ქართულის უძველეს ძეგლებად ითვლება დავათის სტელაზე აღმოჩენილი ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე), იუდას უდაბნოს წარწერები (430) და წარწერები ბოლნისის სიონზე, რომელიც V საუკუნის ბოლო მეოთხედისა. პირველი თარიღიანი ხელნაწერია „სინური მრავალთავი“ (864), თარიღიან ოთხთავთა შორის ყველაზე ძველია ადიშის ოთხთავი (897), რომელიც დღეს მესტიის მუზეუმშია დაცული. V საუკუნიდან იქმნება ქართული ორიგინალური ლიტერატურა. პირველი ლიტერატურული ძეგლი იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებაა“. ახალი ქართული სალიტერატურო ენა ჩამოყალიბებას იწყებს მეთორმეტე საუკუნეში. გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ მას საფუძვლად აღმოსავლეთ საქართველოს ბარის კილოები — ქართლური და კახური დაედო. არის მოსაზრება, რომ ქართული ენის საფუძველი გახდა ზედიალექტური კოინე — დედაქალაქის (მცხეთის) მეტყველება. XI-XII საუკუნეებში ქართული ენა იმდენად განვითარებული იყო, რომ ფილოსოფიურ თხზულებათა ქართულად თარგმნა და ინტერპრეტაცია დაუბრკოლებლად ხდებოდა (ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი). ახალ ქართულ ენაზე შეიქმნა XII საუკუნის საერო ლიტერატურა (ვეფხისტყაოსანი, მეხოტბეთა პოეზია, საისტორიო ორიგინალური ნაწარმოებები, ნათარგმნი პოეზია). XVIII საუკუნეში ახალი ქართული ენის ჩამოყალიბების პროცესი დასრულებულია (დავით გურამიშვილი, სულხან-საბა ორბელიანი). XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან შეწყდა ქართული ენის ბუნებრივი განვითარების ხაზი, რაც დაკავშირებულია ანტონ I-ის მოღვაწეობასთან. ერთი საუკუნის შემდეგ, XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქართული ენის განვითარების ჩვეულებრივ ჩარჩოებში მოქცევასა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში ფასდაუდებელია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძისა და სხვა სახელოვან მოღვაწეთა დამსახურება.

კილოები


სამეცნიერო ლიტერატურაში წინააღმდეგობრივია საკუთრივ ქართული (სალიტერატურო) ენის დიალექტებად მიჩნეულ ერთეულთა კლასიფიკაცია; კერძოდ: გასული საუკუნის სამეცნიერო ლიტერატურაში ამ კილოთა დაჯგუფების რამდენიმე ვარიანტი არსებობს. კლასიფიკაციებს საფუძვლად უდევს გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული და სხვა პრინციპები. აკაკი შანიძე გამოყოფს ექვს დიალექტურ ჯგუფს: 1. ფხოური: ხევსურული, მოხეური, თუშური (მათ შემონახული აქვთ მრავალი არქაული მოვლენა); 2. მთიულურ-ფშაური (ორივეს ბევრი საერთო აქვს ფხოურ დიალექტებთან — მოხეურთან, ფშაურთან, ხევსურულთან); 3.ქართლურ-კახური (ორივე ახლოს არის სალიტერატურო ქართულთან); 4. დასავლური ჯგუფი: იმერული (ზემო-, შუა- და ქვემოიმერული), გურული და რაჭული; 5. სამხრეთ-დასავლური ჯგუფი: აჭარული და იმერხეული; 6. ინგილოური. შოთა ძიძიგური ასახელებს 5 დიალექტურ ჯგუფს: 1. ინგილოური, ფერეიდნული; 2. თუშური, ფშაური, ხევსურული, მთიულური, მთარაჭული; 3. კახური, ქართლური, მესხური; 4. ზემოიმერული, ქვემორაჭული, ქვემოიმერული; 5. გურული, აჭარული, იმერხეული. არნოლდ ჩიქობავა ქართულ ცოცხალ მეტყველებას მთისა და ბარის მეტყველებებად ყოფს; მთის კილოებია: ხევსურული, თუშური, ფშაური, მთიულური (გუდამაყრული), მოხეური, რაჭული. მთისა და ნაწილობრივ ბარის კილოებს უკავშირდება მოზდოკისა და ყიზლარის ქართველთა მეტყველება; ბარის კილოებია: ქართლური (მესხურ-ჯავახურით), კახური (ქიზიყურით, ინგილოურითა და ფერეიდნულით), იმერული (ლეჩხუმურითურთ), გურული, აჭარული, იმერხეული. გივი ნებიერიძე ხმოვანთკომპლექსთა ცვლილების ხასიათის მიხედვით 6 დიალექტურ ჯგუფს გამოყოფს: 1. გლოლური, მთარაჭული; 2. ქართლური, კახური, ქიზიყური, თიანური, ზ. აჭარული; 3. ხევსურული, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული, ფშაური, ინგილოური, ფერეიდნული; 4. ზემო და შუაიმერული, ლეჩხუმური, ქვემორაჭული და იმერხეული; 5. ქვემო იმერული და თუშური; 6. გურული და აჭარული. ბესარიონ ჯორბენაძის მიერ ქართული ენის კილოები დაყოფილია აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს კილოებად. აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტებში სამი ქვეჯგუფი გამოიყოფა: ა)მთის დიალექტები: ხევსურული, ფშაური, თუშური, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული, ბ) ბარის დიალექტები: ქართლური, კახური, ინგილოური, ფერეიდნული, გ) სამხრეთ-დასავლური დიალექტი — მესხურ-ჯავახური; დასავლეთ საქართველოს კილოები სამ ზონად იყოფა: ა)ზემო ზონის დიალექტი — რაჭული, ბ) შუა ზონის დიალექტები — იმერული და ლეჩხუმური, გ) ქვემო ზონის დიალექტები — გურული და აჭარული. ტარიელ ფუტკარაძე თვლის, რომ სამწიგნობრო ქართულსა და კილოებს შორის სხვაობა მატულობს დედაქალაქთან (სასულიერო-კულტურულ და მმართველობით ცენტრთან) კილოს დაშორების პროპორციულად. სამწიგნობრო ქართულის გავლენის კლების შესაბამისად, ქართველთა თანამედროვე საშინაო-სამეტყველო ერთეულებს იგი ჰყოფს ცენტრალურ, განაპირა და საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებულ დიალექტებად;
  • ცენტრალური კილოები: ქართლური, კახური, ქიზიყური, იმერული, ლეჩხუმური, გურული.
  • განაპირა კილოები: მესხური კილოები: აჭარული, ლივანური, მაჭახლური, იმერხეული, ტაოური, სამცხური, ჯავახური;
  • ჰერული კილოები: კაკური, ალიაბათური;
  • ფხოვური კილოები: ჩაღმათუშური, ფშაური, ხევსურული, მოხევური, მთიულურ-გუდამაყრული; აქვე „ასოცირებულ“ დიალექტად განიხილავს წოვათუშურსაც, რომელიც შეიცავს როგორც ჩეჩნურ-ინგუშურის, ასევე ქართულის მსგავს
  • ფენებს; რაჭული კოლები: ბარისრაჭული, მთარაჭული;
  • სვანური კილოები: ლაშხური, ლენტეხური, ჩოლურული, ბალსქვემოური, ბალსზემოური;
  • ზანური კილოები: მეგრული, ლაზური (ხოფური, ვიწურ-არქაბული, ათინური).
ქართულ ენას გააჩნია გარდამავალი, ანუ ნარევი დიალექტები, მაგ. სურამის ქედის მიმდებარე სოფლებში ქართლურ და ზემოიმერულ კილოთა ნარევი მეტყველებაა გავრცელებული, იგივე შეიძლება ითქვას ცხენიწყლის ხეობაში ქვემოიერულ და ლეჩხუმურ დიალექტებზე. იმერულისა და ქართლურის ნარევია ბორჯომის ხეობის მცხოვრებთა მეტყველება საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებული ქართველთა კილოები: ფერეიდნული, „ჩვენებურების ქართული“ (ბურსა-ინეგოლში, ადაფაზარ-იზმითში, გონენსა და კაიზერში გადასახლებულ ქართველ მუჰაჯირთა მეტყველება) და ყიზლარ-მოზდოკურ-პლასტუნკური ქართული.

ბოლნისის სიონის წარწერა


უძველესი ქართული ტაძარი, ბოლნისის სიონი ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში მდინარე ფოლადაურის ნაპირას მდებარეობს. ბოლნისის სიონი V საუკუნეში აგებული სამნავიანი ბაზილიკაა, ღია თაღოვანი გალერეით ჩრდილოეთ ფასადის გაყოლებით, მეორე მცირე თაღოვანი გალერეით და სანათლავი ოთახით სამხრეთის მხარეს. ბოლნისის სიონი როგორც ჩრდილოეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერა გვამცნობს: ”შეწევნითა წმიდისა სამებისაითა ოც წლისა პეროზ მეფისა ზე ხიქმნა დაწყებაი ამის ეკლესიისაი და ათოთხმეტ წლისა სემდგომად განეშორა”,- ტაძარი 478-493 წლებშია აშენებული. მშენებლობის ინიციატორი გახლდათ დავით ეპისკოპოსი. ტაძრის არქიტექტურა მკაცრი მონუმენტურობით გვხიბლავს – აქ, როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის არქიტექტურაში, უმთავრესი გულისყური შიდა სივრცის გამშვენებაზეა მიმართული და ფასადის მოკაზმვა ნაკლებად მნიშვნელოვანია. ტაძარი ნაგებია მომწვანო ფერის კარგად თლილი კვადრებით. ბოლნისის სიონში პირველად ვხვდებით სკულპტურული და ორნამენტული სამკაულის გამოყენებას. ინტერიერში არის გვიანი მხატვრობის ფრაგმენტები. ბოლნისის სიონმა უძველესი ასომთავრული წარწერა შემოგვინახა. ტაძარი მოკაზმულია გასაოცარი რელიეფური სკულპტურებით: ხარის თავით, ფრინველთა თუ ცხოველთა გამოსახულებით, აგრეთვე სხვადასხვაგვარი გეომეტრიული და მცენარეული ჩუქურთმებით, ჯვრებით. ფრინველთა და ცხოველთა ერთ ნაწილს ქრისტიანულ რელიგიაში სიმბოლური დატვირთვა ენიჭება. ფარშავანგი -სულის უკვდავებას განასახირებს, ირემი – მორწმუნე ადამიანთანაა გაიგივებული. ჯვრის ერთ სახეს – წრეში ჩახაზულ ბოლოებგაფართოებულ ჯვარს სწორედ “ბოლნური ჯვრის” სახელწოდებით ვიცნობთ. ბოლნური ჯვარი ჩრდილოეთიდან ტაძარს მთელ სიგრძეზე გასდევდა ღია თაღოვანი გალერეა, რომლის უმეტესი ნაწილი დღეს დანგრეულია. ტაძარს გარშემო ფართო, მასიური გალავანი აქვს შემორტყმული. გალავნის შიგნით, გარდა ეკლესიისა, სამსართულიანი სამრეკლოა აღმართული. როგორც მხედრული წარწერა გვამცნობს, სამრეკლო XVII საუკუნის 80-იან წლებში აუგია ბოლნელ ეპისკოპოსს, ნიკოლოზ მუხრანბაგრატიონის ძეს. ბოლნისიტაძარი საფუძვლიანადაა რესტავრირებული. 1634 წელს სპარსელების შემოსევის შედეგად იგი ძლიერ დაზიანდა, XVII საუკუნეში მარიამ დედოფლისა და როსტომ მეფის ბრძანებით აღადგინეს გადახურვის კამარები საბჯენი თაღებით, გაჭრეს დასავლეთ შესასვლელი. XVII საუკუნის ბოლო წლებში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ტაძარი შეაკეთა, მოხატა და სამხრეთ-დასავლეთით სამრეკლო მიაშენა. 1936-1939 წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ტაძარი კვლავ შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. ბოლო სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ძეგლს 1970-1971 წლებში ჩაუტარდა. უძველესი ქართული ტაძარი ცნობილია მწიგნობრული საქმიანობოთ. აქ ვხვდებით ბოლნელ ეპისკოპოსთა ინიციატივით დამზადებულ ხელნაწერებს. ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარი ბოლნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და ამჟამად მოქმედია.


იაკობ გოგებაშვილის დედაენა


გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსეთის პროგრესული პედაგოგიკის მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა; მსოფლმხედველობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა. მისთვის, როგორც კონსტანტინე უშინსკისათვის რუსეთში, მთავარი პედაგოგიკის პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას გულისხმობდა, ამასთან რუსული ენის შესწავლის აუცილებლობასაც. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად — შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში: „ბურჯი ეროვნებისა“, „ხე ნაყოფით იცნობება“, „ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში“, „ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში“, „ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ“, „სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი“, „განათლების მდგომარეობა საქართველოში“, „მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები“ და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ (1865), „ბუნების კარი“ (1868), „დედა ენა“ (1876), „რუსკოე სლოვო“ (1887), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები. გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი“, „მერცხალი და მეცხვარე“, „ცხვარი და მარტი“ და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი“, „ბეღურა“, „ლომი“, „მერცხალი“, „აქლემი“, „ორაგულის ცხოვრება“, „ნამი“, „ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი“, „იოთამ ზედგენიძე“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „ცოტნე დადიანი“, „თავდადებული მღვდელი თევდორე“, „სხივი წარსულისა“, „სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა. მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“. გოგებაშვილის ძეგლის მის საფლავთან, მთაწმინდის პანთეონში. გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. 1940 აღინიშნა გოგებაშვილის დაბადების 100 წლის იუბილე. გოგებაშვილის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. 1952—1965 წლებში გიორგი თავზიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვარლამ ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები.


იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია


იაკობ გოგებაშვილი დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

Comments